შალვა გოგოლაძე მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

შალვა გოგოლაძე მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ევროპის ოფისის და სპორტულ მოძრაობასთან ურთიერთობების დირექტორი სებასტიან ჟილო, WADA-ს ეროვნულ და რეგიონულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან (NADO/RADO) ურთიერთობების უფროსი მენეჯერი იევა ლუკოშიუტე-სტანიკუნიენე და WADA-ს ევროპის რეგიონში მთავრობებთან და ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მენეჯერი შტეფან ტრინკსი ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოს ანტიდოპინგური სისტემის გაძლიერების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო: საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს შექმნას, სააგენტოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, სპორტულ სკოლებში, ფედერაციებსა და ოლიმპიურ პროგრამებში ანტიდოპინგური განათლების ინტეგრირებას, ამ მიმართულებით სპორტსმენების, მწვრთნელებისა და დამხმარე პერსონალის ცნობიერების ამაღლებას, ეროვნული ტესტირების პროგრამის გაძლიერებას, საქართველოში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ანტიდოპინგურ მხარდაჭერას.

შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მეძმარიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს პრეზიდენტი ხათუნა საგანელიძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.