ელენე ხოშტარიას პირადი ექიმი: მისი კლინიკური მდგომარეობა არ არის შეცვლილი, რადგან ჯერ ჩვენ მისი ძირითადი დაავადების მკურნალობა არ დაგვიწყია
ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის განცხადებით, „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების პირველადი შედეგები უკვე მიღებულია, თუმცა საბოლოო სამედიცინო შეფასება ექიმთა კონსილიუმის შემდეგ გაკეთდება.
მისივე განცხადებით, კონკრეტული კვლევების შედეგების განხილვა კონსილიუმზე მოხდება - ამის შემდეგ კი გადაწყდება რადიოლოგიური კვლევების საკითხიც.
"მისი კლინიკური მდგომარეობა არ არის შეცვლილი იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ჩვენ მისი ძირითადი დაავადების მკურნალობა არ დაგვიწყია. ვიზიტს ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ წუხელ, ელენეს გადმოყვანის შემდეგ შევუკვეთეთ ძალიან რუტინული, საბაზისო ლაბორატორიული კვლევები და ამ კვლევების შედეგებს უნდა გავცნობოდით. კვლევებს გავივლით ჩვენს კოლეგებთან ერთად, ონლაინ კონსილიუმზე, როგორც საქართველოში მყოფ, ასევე საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველ, მაღალკვალიფიციურ, სხვადასხვა მიმართულების მქონე ექიმებთან. ამ კონსილიუმის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას რადიოლოგიური კვლევების ჩატარების შესახებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, რომ მკურნალობის დაწყებამდე, რისკების გადაზღვევისთვის, რომელზეც ვსაუბრობთ უკვე უკანასკნელი დღეების მანძილზე, დამატებით სხვა რადიოლოგიური ან ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩატარდეს, ამასაც ჩავატარებთ მათი მითითებით, - განაცხადა ელენე ხოშტარიას ექიმმა ანა ქავთარაძემ.