საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები და აღნიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პარტნიორობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას.

„საქართველო აფასებს პარტნიორობას უზბეკეთთან, რომელსაც არამხოლოდ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად, არამედ მეგობრად მივიჩნევთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება. ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს. მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პირადად თქვენი მხარდაჭერის შედეგია.

ერთობლივი დეკლარაცია არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობის დასტური და მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით.

ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას.

გულწრფელ მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ძალიან შთამბეჭდავია ის წინსვლა და პროგრესი, რასაც უზბეკეთმა თქვენი ლიდერობით მიაღწია. თქვენ გაქვთ ძლიერი ინსტიტუტები, სახელმწიფო სისტემა და ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით.

თქვენ სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით და დარწმუნებული ვართ, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება,“- აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართულ მხარეს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევების ფონზე, უზბეკეთის რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

შავკატ მირზიოევის თქმით, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მსგავსი შედეგების მიღწევა მთავრობის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგია.

„მადლობას ვუხდი ჩვენს ქართველ მეგობრებს თბილი მიღებისთვის.

გულწრფელ მადლობას გიხდით უზბეკი ხალხისა და ჩემი სახელით მაღალი რანგის სახელმწიფო ორდენით - ოქროს საწმისით დაჯილდოებისთვის.

ქართულ-უზბეკური ურთიერთობების აყვანა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე დიდი მიღწევაა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი. დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია,“- აღნიშნა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ინფორმაციას საქართველოს მთარობის ადმინისტრაცია ავრცელებს.