თბილისში უზბეკი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალიშერ ნავოის - მონუმენტი გაიხსნა

თბილისში უზბეკი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალიშერ ნავოის - მონუმენტი გაიხსნა

თბილისში უზბეკი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალიშერ ნავოის - მონუმენტი გაიხსნა, რომელიც ვარკეთილში, უზბეკი პოეტის სახელობის სკვერში, დაიდგა.

 ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად ესწრებოდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო. 

როგორც ღონისძიების შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, რომელიც აფასებდა მრავალფეროვნებას, კულტურათა თანაცხოვრებასა და იმ ადამიანების ღვაწლს, რომელთა შემოქმედებამ და იდეებმა დროისა და საზღვრების მიღმა შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა.

„სწორედ ასეთია ალიშერ ნავოი - შემოქმედი, რომლის მემკვიდრეობა დღესაც აერთიანებს ხალხებს ჰუმანიზმის, განათლებისა და მეგობრობის იდეების გარშემო. პარკის სახელდება თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა. სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ აქ  გაიხსნა ალიშერ ნავოის მონუმენტი. 

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო და უზბეკეთი ურთიერთობებს არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ მტკიცე კულტურულ საფუძველზეც აშენებენ. ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის გამზირი და მისი ძეგლი, ხოლო დღეიდან თბილისში ალიშერ ნავოის სახელობის პარკი და მისი მონუმენტი ჩვენი ხალხების ურთიერთპატივისცემისა და ისტორიული მეგობრობის თვალსაჩინო სიმბოლოებია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და უზბეკეთის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი.

უზბეკი პოეტის სახელობის სკვერში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოსა და უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები.