ეროვნულ სასახლეში გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტი გაიმართა

ეროვნულ სასახლეში გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტი გაიმართა

ეროვნულ სასახლეში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტთა და უნივერსიტეტის მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ სასულიერო პირები, საკანონმდებლო ორგანოსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა მოსწავლეებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანადამფუძნებლებს და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

დეკანოზმა ანდრიამ გაიხსენა გალობის უნივერსიტეტის დაარსებისას უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ წარმოთქმული სიტყვები:

„ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ლოტბარები, რომლებსაც ჩვენ აღვზრდით, მთელ საქართველოში შექმნიან გუნდებს და მთელი საქართველო ადიდებს უფალს“.

დეკანოზმა ანდრიამ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის ეს ხედვა რეალობად იქცა და დღეს გალობის უნივერსიტეტი ღირსეულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, რისთვისაც მადლობა გადაუხადა გალობის უნივერსიტეტის დამფუძნებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა გოთუას.

სტუდენტებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი გაბუნიამ და გალობის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა.

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნანა გოთუამ აღნიშნა: „ოცი წლის იუბილეს გალობის უნივერსიტეტი, ტრადიციულად, ხვდება საანგარიშო კონცერტით. ეს იყო კიდევ ერთი წარმატება ჩვენი სტუდენტებისა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი საუნჯე, დიდი ადამიანების მიერ დატოვებული განძი, საიმედო ხელშია, იმ თაობის ხელშია, რომელიც გალობის უნივერსიტეტში ეუფლება ცოდნას და ამ ცოდნას გადასცემს მომავალ თაობას“.

ღონისძიების დასასრულს წლის მნიშვნელოვანი მიღწევებისა და უნივერსიტეტის წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.