შალვა პაპუაშვილი კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის ფორმატზე: ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლა, მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარება - მივიღებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც ჩვენი განზრახულობები იქნება სრულად ასახული
გვქონდა მოსაზრებების ძალიან ნაყოფიერი გაცვლა კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების მხრიდან. მოვისმინეთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გამოჩნდა ბევრი მსგავსება, მათ შორის რაც ეხება ცვალებად მიზნებს, როდესაც ხან ერთი რამეა მიზანი, ამ სამიზნეს მიაღწევ და შემდეგ იცვლება, ემატება [მიზანი], - განაცხადა - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი (სადამფუძნებლო) კონფერენციის შესახებ მედიასთან.
მისი თქმით, იგეგმება, როგორ უნდა იმუშაოს აღნიშნულმა ფორმატმა.
„ასევე, ხანდახან [არის] სუბიექტური მიდგომები წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლა, მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარება. ის გამოწვევა, რაც ერთ ქვეყანას აქვს გაწევრიანების პროცესში, შეიძლება, მეორე ქვეყანას დღეს არ ჰქონდეს, მაგრამ შემდეგ დაუდგეს და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უმკლავდებიან ამგვარ გამოწვევებს.
რაც მთავარია, ერთმანეთს გავუზიარებთ ინტეგრაციის პროცესის - განსაკუთრებით საკანონმდებლო პროცესის სწორად დაგეგმვის პოზიტიურ გამოცდილებას.
ხვალ ორგანიზაციულ საკითხებზე გვექნება საუბარი, როგორ ვაპირებთ, რომ ამ ფორმატმა იმუშაოს, როგორ იქნება ტექნიკური საკითხები, ინფორმაციის გაცვლა, შეხვედრები, ინიციატივები. მივიღებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც ჩვენი განზრახულობები იქნება სრულად ასახული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, შესთავაზა თუ არა საქართველომ მონაწილეებს, შემდეგი ღონისძიება საქართველოში ჩატარდეს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საორგანიზაციო საკითხები ხვალ დაიგეგმება.
„ვნახოთ, ხვალ გვექნება საუბარი, შემდეგ რა ტიპის ღონისძიებები ჩატარდეს, ასე რომ, საორგანიზაციო საკითხები ხვალ დაიგეგმება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.