სიტყვა ანაკლია ვერცერთმა "ლელოელმა" ვერ უნდა ახსენოს, სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს პორტი აშენდება და იქნება დივერსიფიცირებული - არჩილ გორდულაძე

სიტყვა ანაკლია ვერცერთმა "ლელოელმა" ვერ უნდა ახსენოს, სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს პორტი აშენდება და იქნება დივერსიფიცირებული - არჩილ გორდულაძე

ანტიქართული და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ანაკლიის პორტთან დაკავშირებით "ლელოს" ინიციატივას.

ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი გამოდის წინადადებით საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა საერთაშორისო ოპერატორს გადაეცეს.

პასუხად "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ლელოს" სურვილი ქვეყნის სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი ობიექტები უცხოელებმა მართონ, ბევრ რამეზე მეტყველებს.

"ვერ გამოვიდნენ უცხო მმართველობიდან. ყველა საქმეში ცდილობენ, რომ რაიმე ფორმით იყოს უცხო მმართველობა - სტრატეგიულ ობიექტებთან, პოლიტიკასთან და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ეს არის მათი დნმ, რომელიც არ იცლება. წლების განმავლობაში პროცესი ისე გაწელეს, რომ საბოლოოდ ფინალამდეც ვერ მივიდნენ და შემდეგ ცდილობდნენ, რომ მილიარდ-ნახევარი დოლარი ამოეღოთ საქართველოს მოსახლეობის ჯიბეებიდან და საკუთარ ჯიბეებში ჩაელაგებინათ. ახლა ესენი გამოდიან და ანაკლიის პორტზე საუბრობენ. სიტყვა ანაკლია წესით და რიგით ვერცერთმა "ლელოელმა" ვერ უნდა ახსენოს.

სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს პორტი, რა თქმა უნდა, აშენდება და ამავდროულად, იქნება დივერსიფიცირებული. არაერთ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ მართვაში შემოვიდნენ შესაბამისი ტერმინალების კუთხით. რაც უფრო მეტი იქნება ამ ქვეყანათა რაოდენობა, მით უფრო მეტია შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს ტვირთბრუნვა. მეტი ტვირთბრუნვა თავისთავად გულისხმობს მეტ თანხას ეკონომიკაში," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.