შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, 201 ძირი „მცენარე კანაფი“, 143 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”, „გამომშრალი მარიხუანა“, „ბაკლოფენი“ და „გაბაპენტინი“.
პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.