შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმაც საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმაც საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი

„მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმაც საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები მისი შინაარსით, ფორმით და პროცედურების გათვალისწინებით“, - განუცხადა სერბეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ძალიან ნაყოფიერი ორი დღე იყო.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც იყვნენ ამ შეხვედრის ინიციატორები. ზოგადად, ახალი და უნიკალური ფორმატისა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს გვექნება შესაძლებლობა ერთმანეთთან გვქონდეს კონტაქტი იმ მიღწევებსა თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იქმნება.

დღეს ბელგრადის დეკლარაციით ჩვენ დავაფუძნეთ ეს ფორმატი. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება მუდმივი ფორმატი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე ყოველ წელს შეიკრიბება. ამავე დროს, შეკრებებს შორის ჩვენ გვექნება როგორც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია, ისე საპარლამენტო სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით.

ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ საჭიროა ერთი ხმით საუბარი ბრიუსელთან მაშინ, როდესაც მიდის სხვადასხვა ოფციებზე თუ ვარიანტებზე ფიქრი ევროკავშირის შიგნით, თუ როგორ მოხდეს ახალი წევრების მიღება თუ არ მიღება, იყოს ეს სრული წევრობა, ნახევარწევრობა, არაწევრობა და არასრულფასოვანი წევრობა, მეორეხარისხოვანი წევრობა. ვხედავთ, რომ ყველანაირი ვარიანტი გვესმის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმაც საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები მისი შინაარსით, ფორმით და პროცედურების გათვალისწინებით. ასე რომ, ეს ერთსულოვნება დღეს ყველა კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესა და წარმომადგენელს შორის იყო. გვიხარია, რომ ჩვენ ამ მხრივ თანამოაზრეები ვართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება დეკლარაციას, პარლამენტის თავმჯდომარის თმით, ბელგრადის დეკლარაცია ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომელზეც დაფუძნებულია პარლამენტის თავმჯდომარეების ეს ერთობა.

„ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება, ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე იმ პროცედურების ერთგულება, რომლებიც ჩადებული იყო თავდაპირველად ევროკავშირის გაფართოების თუ გაწევრიანების პროცესში. ასევე იმ ფორმატებს, რომლებითაც შემდეგ უნდა დაიტვირთოს წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პლატფორმა.

ასე რომ, მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მნიშვნელოვანი პირველი დოკუმენტი, პლატფორმა შეიქმნა. მაშინ როდესაც ვხედავთ მსგავსი საერთაშორისო ფორუმების თვითდისკრედიტაციას, მნიშვნელოვანია რომ თანამოაზრეები, ერთი საქმის გარშემო გაერთიანებული ქვეყნების პარლამენტები ვიყოთ ერთიანი პროცესის მონაწილე. ეს არის თავად კანდიდატი ქვეყნების ფორმატი, რომელშიც ჩვენ გვსურს,სხვადასხვა შეხვედრებისას მოვიწვიოთ ბრიუსელის წარმომადგენლები, რათა გავაცნოთ ჩვენი მოსაზრებები“, - აღნიშნა მან.