რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: მიმაჩნია, რომ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან იგი გააძლიერებს ურთიერთობებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის რუმინეთისა და უნგრეთის გავლით
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა კრისტიან ბუსოიმ.
„მიმაჩნია, რომ ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან იგი გააძლიერებს ურთიერთობებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის რუმინეთისა და უნგრეთის გავლით“, - განაცხადა მან.
კრისტიან ბუსოიმ ბაქოში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალში პროექტის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი კონკურენტულ ფასად მოახდენს ევროკავშირის ელექტრომომარაგების დივერსიფიკაციას.
„ეს პროექტი კონკურენტულ ფასად მოახდენს ევროკავშირის ელექტრომომარაგების დივერსიფიკაციას. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთია მოლოდინი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან ურთიერთშევსებადობის კონტექსტშიც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სინერგიის შექმნა ამ ორ პროექტს BCCC-სა (შავი ზღვის საკაბელო კომპანია) და GECC-ს (მწვანე ენერგიის დერეფნის კომპანია), და მთლიანად მწვანე დერეფანს შორის. ეს პროექტი ასევე შეიტანს წვლილს ევროკავშირის დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევაში, შეამცირებს CO2-ის ემისიებს და აამაღლებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ვინაიდან იგი არ იქნება დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე, რომელიც, თავის მხრივ, უშუალოდაა დამოკიდებული გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და დაძაბულობაზე“, - განაცხადა რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, კრისტიან ბუსოიმ ხაზი გაუსვა, რომ „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ უზრუნველყოფს პროექტის მონაწილე ქვეყნებისა და რეგიონული პარტნიორობის უკეთეს ინტეგრაციას.