განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა ENQA-ს შეფასებით ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა ENQA-ს შეფასებით ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო დასკვნისა და ENQA-ს ვალიდაციის კომიტეტის 2026 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015).

ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა მიზანი საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და ცენტრის საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა იყო.

ექსპერტთა შეფასებით, ცენტრი საკუთარი ფუნქციების განხორციელების პროცესში სრულად აკმაყოფილებს შემდეგ სტანდარტებს:

ESG 3.3 — ცენტრის დამოუკიდებლობა;

ESG 2.5 — ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების საქმიანობა;

ESG 2.2 — ხარისხის უზრუნველყოფის მიზანშეწონილი მეთოდოლოგიის არსებობა;

ESG 2.3 — ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების განხორციელება.

ამასთან, საერთაშორისო ექსპერტებმა ორი მიმართულება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად შეაფასეს, რომელიც შესაძლოა სხვა ევროპული სააგენტოებისთვისაც საინტერესო გამოცდილება იყოს. კერძოდ, ასეთ პრაქტიკად დასახელდა ცენტრის მიერ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების წევრებისთვის ეთიკის კოდექსის შემუშავება.

უახლოეს პერიოდში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო დასკვნა და ვალიდაციის კომიტეტის გადაწყვეტილება წარედგინება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრს (EQAR), რათა ცენტრის რეგისტრაცია აღდგეს იმ პერიოდიდან, როდესაც მას აღნიშნული სტატუსი შეუჩერდა.

2025 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენის მიზნით, მიმართა ENQA-ს და ფოკუსირებული შეფასების განხორციელება მოითხოვა. ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა ცენტრში ვიზიტი 2026 წლის 9-11 თებერვალს განახორციელეს.

საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტისა და შეფასების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგ ვებგვერდზე: https://www.enqa.eu/review-database/partial-review-of-nceqe-2026/

ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.