საქპატენტმა ჟენევაში მასშტაბური ღონისძიება გამართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა წარუდგინა
ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საქპატენტმა მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა. მან საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე. ბოლოს კი მადლობა გადაუხადა WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის.
სიტყვით გამოსვლისას, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქართველო საუკუნეების მანძილზე იყო და კვლავ რჩება მსოფლიო ცივილიზაციების გზაჯვარედინად. შესაბამისად, ქართული კულტურა არასოდეს ყოფილა იზოლირებული, მაგრამ, ამავდროულად ყოველთვის იყო უნიკალური და თვითმყოფადი.
საქპატენტთან მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა, რომელმაც თავის მიმართვაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართველი ხალხის მდიდარ ინტელექტუალურ შემოქმედებასა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე.
ღონისძებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი რევაზ ლომინაძე, ასევე ასეულობით დელეგატი მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კულტურისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერები მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ექსპოზიციები ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის, საქართველოს ქრისტიანობის 1700-წლოვანი უწყვეტი ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურისა და 8000-წლოვანი ღვინის კულტურის შესახებ, ასევე კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებული ქართული ტრადიციული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები. გამოფენის პარალელურად გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი, სადაც ანსამბლმა „ბასიანმა“ სტუმრებს შესთავაზა ქართული ფოლკლორის შედევრები – „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „ხასანბეგურა“ და „ოდოია“. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ კი მაყურებლის წინაშე წარდგა ქორეოგრაფიული დადგმებით – „ცდო“, „ილოური“, „ხევსურული“ და „ჯუთა“. საღამოს დასკვნით ნაწილში, ოფიციალურ მიღებაზე ქართული მხარე სტუმრებს ტრადიციული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.
ღონისძიება თავისი მნიშვნელობით არა მხოლოდ ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ წარმოადგენს ეფექტიან პლატფორმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებისათვის, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის.
WIPO-ს სათავო ოფისში ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწყობილი ქართული საგამოფენო სივრცის დათვალიერება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი.