მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება

მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება

მესტიის მუნიციპალიტეტში, უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. პროექტის დაწყებას საფუძველი, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის რწმუნებულთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა.

მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.

პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ Japan International Design Award-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში "ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა", ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ Rome Design Award-ზე – ნომინაციაში "კონცეპტუალური დიზაინი".

ახალი ქორწინების სახლი ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სერვისების რეგიონებში განვითარებას, ისე მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო გაძლიერებას. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს.

პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ქორწინების სახლი მესტიაში, ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში ასევე განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.