სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება - დღეს 15 საქმის განხილვაა დაგეგმილი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ იდენტიფიცირებულ ფაქტებზე, სასამართლოებში პროცესები გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სასამართლოში 15 საქმის განხილვაა დაგეგმილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დილით უკვე იმსჯელა მედიკო სახელაშვილის საქმეზე, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ირინე ფერაძეს. მან ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
სიტყვიერი შენიშვნა მისცა მოსამართლემ კახაბერ მიქაუტაძესაც.
"არ მახასიათებს მე ცუდი სიტყვები, კარგ ოჯახში გაზრდილი. არ მეგონა ამხელა რამე თუ მოჰყვებოდა, ამიერიდან მოვინანიებ," - ამბობს კახაბერ მიქაუტაძე.
"სამართალდარღვევას წარმოადგენდა კახაბერ მიქაუტაძის ქმედება, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს. ლუკა ჭაფოძემ განცხადებით მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისი უფლებების დაცვა. ბატონმა კახაბერმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია სასამართლო სხდომაზე. ჩვენი მხრიდან შუამდგომლობის სახით, მოთხოვნილ იქნა სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება მისთვის, ვინაიდან აღნიშნული ოქმების მიზანი არის სიძულვილის ენის პრევენცია და არა კონკრეტული პირისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება," - განაცხადა შსს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ.