თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე N37-12 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.

ცვლილების შესაბამისად, პროგრამის „შემოქმედებითი თბილისის" ფარგლებში, კონკურსის მექანიზმის პარალელურად დამატებით შემოდის საპროექტო განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა. კერძოდ, შესაბამის სფეროში მოქმედ სუბიექტებს უფლება ექნებათ, სამსახურს წარუდგინონ საპროექტო განაცხადი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროგრამის პრიორიტეტებზე, მათ შორის საერთაშორისო, გაცვლითი და/ან სარეზიდენციო პროექტების განხორციელებაზე და ემსახურება პროგრამის მიზნების მიღწევას.

ამასთან, იზრდება ფინანსური ზღვარი და 25 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 30 000 ლარი. შესაბამისად, იმ საპროექტო და საკონკურსო განაცხადების წრე, რომელთა დაფინანსების საკითხზეც კომისია უშუალოდ სამსახურის უფროსს მიმართავს რეკომენდაციით გაფართოვდება, რაც დაფინანსების გადაწყვეტილების მიღების არსებული პროცედურის ფარგლებში უფრო მეტი პროექტის განხილვის შესაძლებლობას შექმნის. ხოლო, თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 30 000 ლარს, განსახილველად წარედგინება თბილისის მთავრობას.

წარმოდგენილ ცვლილებებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.