იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.
პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.
შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.
ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.