პრემიერი: როდესაც ხედავ, რომ 30%-დან შენი, ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5%-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს, ვიღაცამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის იმის დრო, გარე ძალების კარნახით იმოქმედოს ევროპულმა ბიუროკრატიამ
როდესაც ხედავ, რომ 30 %-დან შენი, ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5 %-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, ამასობაში ძალიან სწრაფად გაიზარდა ამერიკის ეკონომიკა, ჩინეთის ეკონომიკა და ორივე ჩრდილავს უკვე ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით, ასეთ დროს რაღაც მომენტში უნდა გამოფხიზლდნენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
მისივე თქმით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ქართული მხარის ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს და გააცნობიეროს ევროპულ ბიუროკრატიაში, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის გარე ძალების კარნახით მოქმედების დრო.
„მე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ძალიან გამიჭირდება - რა შეიძლება მოხდეს, როდის შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება მოხდეს. ყველაფერი არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. მთელი სამყარო გახდა, სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადი. უკრაინის ომთან დაკავშირებით მილიონი პროგნოზი კეთდებოდა, მაგრამ ვეღარავინ ვეღარ ამბობს უკვე, როდის შეიძლება ეს ომი დასრულდეს. ასეთი ომი საერთოდ გაუგონარია - ფრონტის ხაზი არის პრაქტიკულად ერთ დონეზე გაჩერებული უკვე ამდენი წლის განმავლობაში. რაც, გაუგებარი რამეა. ასევე ირანის გარშემო გაუგებრად ვითარდება მოვლენები. არაპროგნოზირებადი გახდა ზოგადად გლობალური პოლიტიკა. ასეთივე არაპროგნოზირებადია ევროკავშირი.
რაც შეეხება ოპტიმიზმს, ეს არის უბრალოდ ზოგადი ოპტიმიზმი, რაც ეფუძნება რას, რომ რაღაც მომენტში ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც ხედავ, რომ 30 %-დან ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5 %-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. ამასობაში ძალიან სწრაფად გაიზარდა ამერიკის ეკონომიკა, ჩინეთის ეკონომიკა და ორივე ჩრდილავს უკვე ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით. ასეთ დროს რაღაც მომენტში უნდა გამოფხიზლდნენ.
ან როდესაც ხედავ, რომ საერთოდ ჩაგეკეტა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე, რასაც ეწირება პირდაპირ ევროპული ინდუსტრიები - მაგალითად, გერმანული ავტოინდუსტრია არის უმძიმესი კრიზისის ქვეშ, რაც არის ზუსტად ამ ყველაფრის შედეგი და გამოხატულება.
რაღაც მომენტში, ჩვენი ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, ვიღაცამ უნდა შეხედოს სხვანაირად მოვლენებს, ვიღაცამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის იმის დრო, რომ გარე ძალების კარნახით იმოქმედოს ევროპულმა ბიუროკრატიამ. ეს ზოგადი ოპტიმიზმი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.