შალვა პაპუაშვილი: გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა
გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ეწვია. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
„პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ვეწვიეთ. საქართველოს ისტორიას მხოლოდ ბრძოლები და გამარჯვებები არ ქმნიდა. მას ქმნიდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ, ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემდნენ და თავიანთი შრომით ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
ფიტარეთი სწორედ იმ ეპოქის გამორჩეული მემატიანეა. რვა საუკუნეზე მეტია, ეს მონასტერი გვიყვება საქართველოს ოქროს ხანის შესახებ, როდესაც ქრისტიანულმა რწმენამ შთააგონა ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი შედევრების შექმნა, რომლებიც დღესაც ჩვენი კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილებია.
გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა“, - წერს პაპუაშვილი.