თელავში სტიქიის სალიკავიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - კავკასიონის ქუჩა, მძიმე ტექნიკის დახმარებით უკვე სრულად გასუფთავდა
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. კავკასიონის ქუჩა, მძიმე ტექნიკის დახმარებით უკვე სრულად გასუფთავდა.
პარალელურად, დასრულდა დაზიანებული ხიდის დემონტაჟი. ამ წუთებში მძიმე ტექნიკა მდინარის კალაპოტს წმენდს და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებს.
პროცესში დამატებითი ცოცხალი ძალაც ჩაერთვება. ადგილზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ელოდებიან, რომლებიც სამუშაოებში ჩაერთვებიან.
უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის მხოლოდ კავკასიონის ქუჩაზეა შეფერხებული, თუმცა აბონენტებს შუქი ეტაპობრივად აღუდგებათ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე ამბობს, რომ ადგილზე სამუშაოებში ჩაერთვნენ რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და თანამშრომლები.
"ადგილზე რჩება საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც კოორდინირებას უწევს მასშტაბურ სალიკვიდაციო სამუშაოებს. ჩახერგილი ხიდი გახსნილია, წყალი კალაპოტშია უკვე მოქცეული. შესაბამისად, მიმდინარეობს ამ ნატანი მასის გატანა. მთლიანად იქნება აღრიცხული ყველა მიყენებული ზიანი, რაც მიაყენა აღნიშნულმა სტიქიამ ჩვენს მუნიციპალიტეტს. ასევე, სამუშაოებში ჩაერთვნენ მოხალისეები, რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, რვავე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და დაეხმარებიან მოსახლეობას კერძო და საჯარო დაწესებულებებს, რომლებსაც დაუზიანდათ ინფრასტრუქტურა სტიქიის დროს", - ამბობს პლატონ კალმახელიძე.