ლევან მგალობლიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულ გუნდთან შეხვედრას დაესწრო
საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა. გამარჯვებულ გუნდებს სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი შეხვდნენ.- ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ლევან მგალობლიშვილმა თბილისის გუნდს გამარჯვება მიულოცა და ახალგაზრდა სპორტსმენებს კვლავ წარმატება უსურვა.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყანაში უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა, ფესტივალს 2-5 ივნისს ბათუმმა უმასპინძლა. მულტისპორტული შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში 14-17 წლის სპორტსმენებს შორის გაიმართა და მასში საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ფესტივალის გამარჯვებული თბილისი გახდა, მეორე ადგილზე აჭარის, მესამეზე კი იმერეთის გუნდები გავიდნენ.