თელავის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს სადღეღამისო რეჟიმში მუშაობა მძიმე ტექნიკით, ასევე ცოცხალი ძალის. მივაღწიეთ გარკვეულ შედეგებს, რომ კალაპოტში მოქცეულიყო ხევი და ახლა დავდივართ სოფლებში
თელავში კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, მანამდე, მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. უკვე აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეფერხებებია ელექტრომომარაგების პროცესში. "ენერგო-პრო ჯორჯიას" თელავის მომსახურეობის ცენტრის ინფორმაციით, არის ინდივიდუალური დაზიანებები, რომელზეც ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
კვლავ გადაკეტილია ვარდოშვილის ქუჩა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სპეციალისტების დასკვნა გახდება ცნობილი.
"მიმდინარეობს სადღეღამისო რეჟიმში მუშაობა, როგორც მძიმე ტექნიკით, ასევე ცოცხალი ძალის. ჩვენ როგორც ვხედავთ, მივაღწიეთ გარკვეულ შედეგებს, რომ კალაპოტში მოქცეულიყო აბობოქრებული ხევი და ამის გარდა, ახლა დავდივართ მუნიციპალიტეტის სოფლებში. რამდენიმე სოფელში კალაპოტი გაარღვია ხევებმა, სავარგულებია დატბორილი და მოსახლეობას დაუზიანდა ვენახები და სხვადასხვა ნათესები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ლოკაციაზე მივიდეთ და შეძლებისდაგვარად, პირველ რიგში აღმოვუჩინოთ დახმარება, ჩავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, რომ აღარ მოხდეს დატბორვა", - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.