მიხეილ სარჯველაძე: თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება საერთაშორისო თანამშრომლობა დაავადებებთან ბრძოლის საქმეში

მიხეილ სარჯველაძე: თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება საერთაშორისო თანამშრომლობა დაავადებებთან ბრძოლის საქმეში

ამერიკის მხარდაჭერით ორგანიზებულ სამდღიან ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი და შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაესწრნენ. განიხილეს ვირუსული დაავადებების მართვის, ვაქცინაციის პროგრამების გაძლიერების და საფრთხეებისთვის უკეთ მომზადების საკითხები.

ფორუმში მონაწილეობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები.  

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი თანამშრომლობა რეგიონალურ ფორმატებში. 

"თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება საერთაშორისო თანამშრომლობა დაავადებებთან ბრძოლის საქმეში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი თანამშრომლობა რეგიონალურ ფორმატებში და ბუნებრივია, რომ ეს იქცევს ყურადღებას ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც მასპინძლობს დღეს თბილისი დღეს და გულისხმობს პრაქტიკულად მთლიანად რეგიონულ წარმომადგენლობას, სხვადასხვა ექსპერტები, სხვადასხვა სამინისტროთა წარმომადგენლობის დონეზე. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რომელიც აუცილებელია როგორც ინფორმაციის ადრეული შეტყობინების, იმავდროულად გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი აცხადებს, რომ ეს ღონისძიება არის კიდევ ერთი მოვლენა იმ მრავალ მნიშვნელოვან პროგრამებს შორის, რომლებიც შეერთებული შტატების, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების საერთო ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.  

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები, რათა გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორობა და ის საქმიანობა, რომელსაც ჯანმრთელობის საკითხების მიმართულებით ვახორციელებთ. ეს ღონისძიება არის კიდევ ერთი მოვლენა იმ მრავალ მნიშვნელოვან პროგრამებს შორის, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების საერთო ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ამრიგად, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებო და მაქვს შესაძლებლობა, სფეროს პროფესიონალებთან ერთად, მივიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა." - ამბობს ალან პერსელი.

ვაქცინაციის საერთაშორისო ინიციატივების პარტნიორობის (PIVI) კომუნიკაციებისა და განვითარების დირექტორი, ამანდა ბოლსტერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა და ერთმანეთის გამოცდილების შესწავლა, რადგან დაავადებებს საზღვრები არ გააჩნიათ.

"ამ სამუშაო შეხვედრაზე მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა, რათა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და შეძლონ რესპირატორული სინციტიური ვირუსის, გრიპისა და სხვა პანდემიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნებისთვის, თანამშრომლობა და ერთმანეთის გამოცდილების შესწავლა, რადგან დაავადებებს საზღვრები არ გააჩნიათ და მათთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო." - აღნიშნა ამანდა ბოლსტერიმ.