ნინო წილოსანი: წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა

ნინო წილოსანი: წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა

წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს თავის დამსახურებული, მათ შორის მათივე წესებით დაწესებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მისი თქმით, საბოლოოდ გარდაუვალი რეალობა არის იმის წინაპირობა, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დარეგულირდება.

„გარდაუვალი რეალობა არის იმის წინაპირობა, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დარეგულირდება. წარმოუდგენელია, რომ იგნორირება გაუკეთონ გეოგრაფიას. რამდენადაც არ ეცადნენ, რომ საქართველოს გამოეთიშათ სამხრეთ-კავკასიის რეგიონისგან და გამოეთიშათ იმ ფაქტორისგან, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე შუა დერეფნის, ამას ვერ აუარეს გვერდი და იგივე ურსულა ფონდერლაიენმა გააკეთა განცხადება, რომ მიესალმება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სარკინიგზო ხაზის გახსნას, რაც ლოჯისტიკური მიზნებიდან და დაკავშირებადობის მიზნებიდან გამომდინარე საკვანძოდ მნიშვნელოვანია.

ამიტომ გარდაუვალი რეალობა არის ის, რომ საქართველო არის ამ რეგიონის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე. გარდაუვალი რეალობა არის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული და ძლიერი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო. გარდაუვალი რეალობა არის ის, რომ საქართველო არის ეკონომიკურად და თავისი ინსტიტუციური განვითარებით ძლიერი ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა და პარტნიორობა პირიქით უნდა გინდოდეს თუ შენ გჭირდება გაძლიერება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, დადგება დრო და ევრობიუროკრატია დააფიქსირებს იმას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მათმა პოლიტიკამ თავად ისინი დააზარალა.

ამ კონტექსტში ნინო წილოსანმა ყურადღება გაამახვილა სანქციებით შანტაჟის და მუქარის ენაზე.

„შანტაჟის სხვადასხვა მექანიზმი გამოიყენებოდა ჩვენს წინააღმდეგ. როდესაც ჩვენზე, ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინეს, მათ შორის იკადრეს ისიც, რომ მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ყოფილიყო საუბარი. რა თქმა უნდა ამას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას სერიოზულადაც კი არ განიხილავენ. წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს თავის დამსახურებული, მათ შორის მათივე წესებით დაწესებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ. ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ. როდესაც ასეთ ნაბიჯს გადადგამ, რომელსაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ აქვს იმიტომ, რომ ეს სრულებით აუფასურებს ყველაფერს, რაზეც თავად ევროკავშირი იდგა და რა ღირებულებებიც მას აქვს, რა თქმა უნდა ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. თუმცა ინდივიდუალური დაშინება დღემდე გრძელდება და ვიცით, რომ ამ სანქციების და ინდივიდუალური ზეწოლის მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში არის ადამიანი, რომელმაც განსაზღვრა ამ ქვეყნის თანამედროვე ცხოვრება და ის, რომ ამ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.