თამარ იოსელიანი: გაუმჯობესებულია კომპანიის ეფექტიანობის და მომგებიანობის მაჩვენებლები, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა დღეს მეტ ტვირთს ემსახურება და უფრო ეფექტიანადაც მუშაობს
საქართველოს რკინიგზამ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. გასულ წელს მოგებამ 153 მილიონამდე ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2024 წელს მაჩვენებელი 68 მილიონი იყო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებისა და ფინანსური ხარჯის შემცირების შედეგია. მზარდი დინამიკა 2026 წელსაც გაგრძელდა. პირველ ხუთ თვეში კომპანიის ტვირთბრუნვის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტით არის მომატებული. რაც შეეხება ბიზნესის ფინანსური მართვის მაჩვენებელს, 2026 წლის 5 თვეში ის 91 პროცენტით გაიზარდა და 123 მილიონამდე შეადგინა. რაც შეეხება წმინდა მოგებას, 2026 წლის 5 თვეში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 88 ნახევარ მილიონ ლარამდე, რაც 50 პროცენტიანი მატებაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა კარგად მუშაობს.
"გაუმჯობესებულია კომპანიის ეფექტიანობის და მომგებიანობის მაჩვენებლები, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა დღეს არამხოლოდ მეტ ტვირთს ემსახურება, არამედ უფრო ეფექტიანადაც მუშაობს.
ეს პოზიტიური ტენდენცია 2026 წელსაც გრძელდება და ჩვენ შეგვიძლია პირველი ხუთი თვის მაჩვენებლები გაგიზიაროთ. ამ კუთხით ტვირთბრუნვა 8% ით არის გაზრდილი და ასევე მარტი-მაისის პერიოდში ზრდამ 20% მიაღწია, რაც საქართველოს რკინიგზაზე და ჩვენს სატრანზიტო მარშრუტზე მოთხოვნას ადასტურებს", - აცხადებს იოსელიანი.