ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრმა ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო სამუშაოები და პროექტის განხორციელების მიმდინარე ეტაპის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს.
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მოწყობა. ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება და საინჟინრო თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენს.
სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხიდებზეც. ხუთიდან ერთი ხიდი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით არის აგებული, რაც საქართველოში პირველად გამოიყენეს.
პროექტის ფარგლებში ასევე შენდება 166-მეტრიანი თაღოვანი ხიდი. პარალელურად მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობაც.
პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება. ზამთრის პერიოდში კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება ზვავსაშიშროების გამო, ხოლო ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ექნება უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დროც - ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილება დაახლოებით 15 წუთს, თბილისიდან გუდაურამდე კი დაახლოებით საათ-ნახევარს დასჭირდება.
ქვეშეთი-კობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.