ყაზბეგში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტეფანწმინდაში დაგეგმილი რაგბის ტექნიკური ცენტრის მშენებლობის პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, პარლამენტის დეპუტატ ალუდა ღუდუშაურთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სტეფანწმინდაში თანამედროვე რაგბის ტექნიკური ცენტრი მოეწყობა, რომელიც ხელოვნურსაფარიან სტადიონსა და შესაბამის სპორტულ ინფრასტრუქტურას მოიცავს. პროექტი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტიპური პროექტის სტეფანწმინდის ლოკაციასთან მორგების პროცესი, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მინისტრმა პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად პროექტის მიმდინარეობა განიხილა და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. პროექტები ითვალისწინებს 300-ადგილიანი ტექნიკური ცენტრისა და 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობას.
მინისტრმა პასუხისმგებელ პირებთან ერთად პროექტების კონცეფცია, დაგეგმილი სამუშაოები და მათი განხორციელების ეტაპები განიხილა. პროექტების მიზანია მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც სპორტის განვითარებას, ისე ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.