თბილისში ტრამვაი ბრუნდება - ახალი ხაზის პროექტზე საერთაშორისო კონსორციუმი იმუშავებს

თბილისში ტრამვაი ბრუნდება - ახალი ხაზის პროექტზე საერთაშორისო კონსორციუმი იმუშავებს

I.Y.I. - ეს არის საერთაშორისო ერთობლივი საწარმო, რომელიც თბილისში ტრამვაის ახალი ხაზის მოწყობაზე იმუშავებს. თურქეთში რეგისტრირებული კონსორციუმი სამ გამოცდილ კომპანიას აერთიანებს. თითოეულ მათგანს სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ მიერ განხორციელებულ მსხვილ პროექტებს შორისაა სტამბოლის მეტროს გვირაბებისა და ხაზების მშენებლობა, დოჰას მეტროს წითელი ხაზი და თურქეთში სარკინიგზო ხიდების მოწყობა.

თბილისში ტრამვაი დაბრუნდება. ახალი ხაზი დიდ დიღომში მცხოვრებლებს მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს. თითქმის 8-კილომეტრიან ლიანდაგზე 11 გაჩერება მოეწყობა. პროექტი ასევე მოიცავს დეპოს მშენებლობას, რომელიც 11 ერთეული ტრამვაის მომსახურებას უზრუნველყოფს.

პარალელურად, თბილისში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას განაგრძობს. სიახლეა №344 მარშრუტის მგზავრებისთვის. უკვე რამდენიმე დღეა, ზემო ფონიჭალიდან მოქალაქეებს პირდაპირ სადგურის მოედნამდე შეუძლიათ მგზავრობა. მარშრუტს ექვსი ახალი, 12-მეტრიანი ავტობუსიც დაემატა.

სიახლეებია გლდანის რაიონშიც, სადაც გარკვეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზება შეიცვალა. მეტროსადგურ "სარაჯიშვილთან" და მინდელის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლი მოეწყო. მოძრაობის ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების მიზნით ამოქმედდა.

ტრამვაის ახალი ხაზი, მარშრუტების ოპტიმიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება - ამ სიახლეებზე დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, გლდანში სრულად განახლდება ე.წ. ამერის სტადიონიც. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ტერიტორიაზე სამი საფეხბურთო მოედანი მოეწყობა.