შანხაიდან თბილისში პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

შანხაიდან თბილისში პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

ბორტზე 274 მგზავრი იმყოფება, მათ შორის არიან ჩინური მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ბლოგერები, ვლოგერები, რომლებიც საქართველოს შესახებ მასალას მოამზადებენ.

ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ შეასრულებს: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.

2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 100 470 საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც ჩინეთის ბაზრიდან მოთხოვნის სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს.

China Eastern Airlines მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე უკვე წარმატებით ოპერირებენ ჩინეთის კიდევ ორი უმსხვილესი ავიაკომპანია – Air China და China Southern Airlines. ორივე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისსა და ურუმჩის შორის ასრულებს, ხოლო Air China მგზავრებს ურუმჩის გავლით პეკინში გამგზავრების შესაძლებლობასაც სთავაზობს.