ირაკლი კობახიძე: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის შედეგები უკვე თვალსაჩინოა
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს საქართველოს გავლით „შუა დერეფანში“ კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმართულებით ტვირთბრუნვამ თითქმის ექვსჯერ მოიმატა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია თურქმენეთის ინტერესი საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.
„მივესალმებით თურქმენეთის ინტერესს, საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული პორტები, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის ბაზაზე დაგეგმილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თურქმენული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება რეგიონულ ბაზრებზე გასასვლელად.
დღეს, როგორც არასდროს, კერძო სექტორის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ბიზნესი გარდაქმნის ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ პარტნიორობას კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებად. სახელმწიფო უზრუნველყოფს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტუნარიან გარემოს, ხოლო კერძო სექტორი ქმნის ახალ ინიციატივებს, ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს,“- აღნიშნა პრემიერმა.