საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, საზეიმოდ აღნიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, საზეიმოდ აღნიშნა.
ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დავით თამაზაშვილმა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა იური ფირცხალაიშვილმა გახსნეს. მათ პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცეს და სანაპირო დაცვის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 17 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისთვის სხვადასხვა ჯილდოებით, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობით სიგელებით დააჯილდოვა.
სტუმრებმა სანაპირო დაცვის ბაზაზე სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს, მათ შორის — ოთხი ახალი ჰიდროციკლი, რომლებიც სანაპირო დაცვას როგორც ზღვაზე პატრულირების, ისე სამაშველო ოპერაციების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება.
ღონისძიების ფარგლებში, დავით თამაზაშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.