მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეობს
ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში.
მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა. რუბიოს თქმით, „აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ქმნიან ინფრასტრუქტურას, პარტნიორობასა და სტრატეგიას უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად.
ამასთან, მისივე თქმით, „დროა, ცივილიზებული სამყაროს ხალხმა თავი დავიცვათ, ერთად დავდგეთ მოახლოებული სიბნელის წინააღმდეგ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჩვენია“.
მარკო რუბიომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა – „თქვენ აქ ხართ, რადგან თქვენს ქუჩებში თავს ესხმიან პოლიტიკურ ლიდერებს, სცემენ და ცოცხლად წვავენ პოლიციელებს, ვითარება უარესდება, მისი იგნორირება აღარ შეიძლება“.
დაგეგმილია მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც.