„როიტერი“ – ირანსა და აშშ-ს შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას სთავაზობენ, რათა დროებითი შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობები განიხილონ
ირანსა და აშშ-ს შორის შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები მხარეებს ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას სთავაზობენ, რათა დროებითი შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობები განიხილონ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, შუამავლებმა თეირანს აშშ-თან ომის დეესკალაციის წინადადება გადასცეს, რომელიც ცეცხლის ათი დღით შეწყვეტას ითვალისწინებს.
აშშ-ირანის კონფლიქტის მორიგი ესკალაცია 8 ივლისიდან დაიწყო. შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პირველად, ირანის ტერიტორიაზე დარტყმები რამდენჯერმე მიიტანეს.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოქმედი ზავი დასრულდა.
საპასუხოდ, თეირანმა დარტყმები დაიწყო აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ახლო აღმოსავლეთში – ბაჰრეინის, იორდანიის, კატარის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის ტერიტორიებზე.