პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრების მთავარი ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება“
მზად ვარ, ჩამოვიდე ბათუმში და დაწვრილებით მოგიყვეთ 4 ოქტომბრის ისტორიული დღის შესახებ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი, რომლითაც ბურჭულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს.
როგორც ბურჭულაძე წერს, რომ არა „ქართული ოცნება“ და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა, 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა.
„მინდა, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულ მოსამართლეებს:
„ვადევნებ თვალს თქვენს პროცესს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა დიდი მოვლენა იყო 4 ოქტომბრის საქართველოს ეროვნული კრება. ამ დღეს ჩვენი ქვეყნის ასობით ათასმა მოქალაქემ კენჭი უყარა „ოცნების“ მთავრობის არალეგიტიმურობას. ერთხმად შეუწყვიტა მათ ლეგიტიმაცია. მინდა, მოგახსენოთ, რომ ზუსტად ეს არის მშვიდობიანი დამხობა, რის დანაშაულად გამოცხადებასაც თქვენ ცდილობთ და ეს მშვიდობიანი დამხობა 4-ში დავიწყეთ, 4-შივე დავამთავრეთ. რასაც მყისიერად მოყვა „ოცნების“ არაღიარება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, სამართლიანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოზე მოსარჩელემ და მოპასუხეებმა ადგილები რომ გაცვალონ.
მინდა, შეგახსენოთ, შეიძლება, დავიწყებული გაქვთ ან გამოგრჩათ, თუ რისი უფლება აქვს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეს. ჰკითხეთ ყველაზე ცნობილ კონსტიტუციონალისტს ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც შექმნა ის კონსტიტუცია, რომელსაც თქვენ უნდა იცავდეთ. ბატონი ვახტანგი გვიხსნის და განგვიმარტავს: კონსტიტუციით არაკონსტიტუციურია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ხოლო მთავრობის დამხობა არის კონსტიტუციური, მით უმეტეს მაშინ, როცა მთავრობა ფეხქვეშ ლახავს ყველაზე ფუნდამენტურ უფლებას – ადამიანის უფლებებს.
რაც შეეხება 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებას, მზად ვარ ჩამოვიდე ბათუმში და დაწვრილებით მოგიყვეთ იმ ისტორიული დღის შესახებ. ჩემზე კარგად ამ ინფორმაციას ვერავინ ვერ მოგაწვდით, რადგან ეს იყო არა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული, არამედ უფლებაშეზღუდული, თავისუფლება წართმეული და ცვლილებების აუცილებლობის მსურველ მოქალაქეთა მიერ პროტესტის დემონსტრირება, რომლის მთავარი ორგანიზატორები ვიყავით ორნი – მე და „ქართული ოცნება“. რომ არა „ქართული ოცნება“ და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა გარწმუნებთ ამ ეროვნული კრების ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა.
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ თუ 4 ოქტომბერზე კიდევ გექნებათ შეკითხვები, მოგინდებათ ჩემგან სრული ინფორმაციის მიღება“, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.



