რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება - თბილისის მთავარი გამზირი 4 თვით ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა
რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მთავარი გამზირი ღამის 00:00 საათიდან 4 თვით ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა. პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.
ამასთანავე, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი - დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამზირის უკეთეს განათებასა და ენერგოეფექტურობას. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები.
გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტაციის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც ავტობუსების ისე მიკროავტობუსების მარშრუტებიც. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 50 მილიონამდე ლარია.