პროკურორი განმარტავს, რატომ არ გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება

პროკურორი განმარტავს, რატომ არ გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმის პროკურორი, თამარ იაკობიძე განმარტავს, თუ რატომ არ გაუფორმდა მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება.

"მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება მოიცავდა როგორც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ისე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად. რა თქმა უნდა, ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა თითოეულ ბრალდებულად მიმართებით ბრალად წარდგენილ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი არის გამამტყუნებელი და განისაზღვრა თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზურაბ ჭავჭანიძესთან მიმართებით მოგეხსენებათ, რომ ბრალდების მხარე არაერთხელ აცხადებდა, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება განხორციელებოდა იმ პირებთან, რომლებიც აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს. ვინაიდან თავისი არსით საპროცესო შეთანხმება მოიცავს, რომ პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს, ამ შემთხვევაში ზურაბ ჭავჭანიძეს არც განცხადებაში და არც დღეს სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ პოზიციაში, მისი მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება არ განხორციელებულა შესაბამისად, ამ მოცემულობით ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმება არ აფორმებს," -განაცხადა პროკურორმა, თამარ იაკობიძემ.

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ 8 პირს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშისა და რამაზ მამულაძის საქმეზე განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ განმარტა რომ საბოლოო სიტყვის დროს შეთანხმება აღარ ფორმდება. საქმის ამ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6-ს პირს საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.