„ნაციონალური მოძრაობა“ – სამწუხარო, გაუგებარი და საგანგაშოა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიში, რომელშიც იგნორირებულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსი და მის წინააღმდეგ რეპრესიები

„ნაციონალური მოძრაობა“ – სამწუხარო, გაუგებარი და საგანგაშოა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიში, რომელშიც იგნორირებულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსი და მის წინააღმდეგ რეპრესიები

„ანტიმიშა“ კამპანიის ეს უსამართლო და თავხედური გაგრძელება მხოლოდ ამ ორგანიზაციის რეპუტაციას აყენებს ზიანს და არა მთელი ქვეყნისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის ცნობილ ისტორიულ ფაქტს მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინისა და ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრის დევნის შესახებ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხმაურებიან.

„ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ განხორციელებული მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების შესახებ ამომწურავი და სანდო ინფორმაციის საერთაშორისო პოლიტიკური, სასამართლო და ჰუმანიტარული ინსტიტუტებისა და მედიისათვის მიწოდება რეჟიმის დემონტაჟისათვის მნიშვნელოვანი აქტი, ხოლო უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტის ვალდებულებაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისათვის სამწუხარო, გაუგებარი და საგანგაშოა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოში პოლიტიკურ პატიმართა მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იგნორირებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსი და მის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული ტიპის რეპრესიების მთელი კასკადი.

ფუნდამენტური ჰუმანიტარული და პოლიტიკური ღირებულებების პირისპირ უადგილოდ და დემაგოგიურად ჩანს ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური დევნის ევროპულ კრიტერიუმებზე და დროით ჩარჩოებზე აპელირება, მით უმეტეს, რომ მიხელ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასა და წამებაზე ფაქტობრივად ყველა შესაბამის ევროპულ ინსტიტუტს აქვს მიღებული რეზოლუციები და დადგენილებები.

მსგავსი ფაქტები სამწუხაროდ აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვს, რომ ვიწროპოლიტიკური და არაკეთილსინდისიერი დღის წესრიგის შესაბამისად, რიგი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორები ცდილობენ, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დანაშაულებები და სისტემური პოლიტიკური რეპრესიები მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადზე დაავიწროვონ და როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ იმ ფაქტიდან, რომ პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი და უწყვეტი ტერორი ივანიშვილის კრიმინალურმა დაჯგუფებამ ხელისუფლების დასაკუთრებისთანავე – 2012 წლიდან გააჩაღა.

როგორ უნდა მოახერხო და შექმნა პოლიტპატიმრების სია, სადაც ცალსახად ქვეყნის ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ტყვე, პუტინისა და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი არ შეიყვანო. როდესაც ვსაუბრობთ მასზე, როგორც მთავარ პოლიტიკურ პატიმარზე, ჩვენ ვეწევით არა პარტიულ პიარს, არამედ ვახდენთ ფაქტის კონსტატაციას. ნათელია, რომ ყველა სხვა პოლიტიკური ტყვე შეიძლება, ივანიშვილმა დაუშვას პოლიტიკურ ველზე, გარდა საქართველოს მესამე პრეზიდენტისა, რომლისაც ოლიგარქს ყველაზე მეტად ეშინია.

„ანტიმიშა“ კამპანიის ეს უსამართლო და თავხედური გაგრძელება მხოლოდ ამ ორგანიზაციის რეპუტაციას აყენებს ზიანს და არა მთელი ქვეყნისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის ცნობილ ისტორიულ ფაქტს მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინისა და ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრის დევნის შესახებ.

უკრაინის მიერ რუსეთის კატასტროფული დამარცხების მოახლოების კვალდაკვალ, პუტინის მარიონეტების დანაშაულებების მხილება და პასუხისგებაც დადგება მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, რასაც მთელი ჩვენი საზოგადოება კონსოლიდირებული და რუსული პროპაგანდის მიერ თავსმოხვეული კომპლექსებისა და შიშებისგან გათავისუფლებული უნდა შეხვდეს, რასაც მსგავსი მანიპულაციები არათუ ხელს უწყობენ, არამედ ამ პერსპექტივას მძიმედ აზიანებენ“, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.