მედია: უკრაინამ დრონებით რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სატუმბი სადგური დაბომბა. იერიშის სამიზნე „რუსულ Amazon“-ად წოდებული Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრშიც გახდა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით იერიშები განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთის ულიანოვსკის ოლქის დასახლება ნოვოსპასკოეში მდებარე NS-Oil-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში უკრაინული დრონების სავარაუდო თავდასხმის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
შედარებით მცირე ზომის ქარხანა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 650 კილომეტრში მდებარეობს და ძირითადად ნავთობპროდუქტებს აწარმოებს. მისი წლიური გადამამუშავებელი სიმძლავრე 600 ათას ტონა ნედლ ნავთობს შეადგენს.
ამასთან, დაიბომბა ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ ტუიმაზიში მდებარე ნავთობის სატუმბი სადგური. დაზიანების მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.
გვიან ღამით დრონებით მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა რუსეთის ქალაქი ვორონეჟიც. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდო სამიზნე სავაჭრო პლატფორმა Wildberries-ის კიდევ ერთი ლოგისტიკური ცენტრი იყო.
Wildberries რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-რითეილერია, რომელსაც ხშირად „რუსულ Amazon“-საც ადარებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ქალაქის თავზე ძლიერი აფეთქება ჩანს, მოგვიანებით კი ლოგისტიკური ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარიც დაფიქსირდა.