მიხეილ ყაველაშვილი – ნებისმიერ დროს ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად ვართ, დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, როცა ხდება იგნორირება, დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ვერ მივიღებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ნებისმიერ დროს ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად ვართ, დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, როცა ხდება იგნორირება, დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ვერ მივიღებთ

ჩვენ ნებისმიერი დროს ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად ვართ. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატია არის საერთაშორისო ენა და გამოსავალი არის დიალოგი, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ხედავს ევრობიუროკრატებისმხრიდან დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.

„დიპლომატია არის საერთაშორისო ენა. არ უნდა არსებობდეს ორმაგი სტანდარტი. რა თქმა უნდა, ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით, ყველას თავისი ეროვნული ინტერესები გააჩნია. ინტერესები არის შემდეგი ეტაპი, სადაც შეიძლება, არ იყოს თანხვედრა და იქ მიდის მსჯელობა, როგორ მოხდეს დაახლოება საკითხების. მაგრამ პირველი ეტაპი, ელემენტარული წესი, რომელიც უნდა არსებობდეს, ორგანიზაცია იქნება თუ ქვეყნები, ელემენტარულია წესია პატივისცემა სუვერენიტეტის და ხელისუფლების, რომელიც აირჩია ხალხმა. რას ვხედავთ აქ? – აქ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომელიც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარებს. ჩვენდა საბედნიეროდ, გვაქვს გამოცდილება და ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ევროკავშირის ქვეყნებში – აზრთა სხვადასხვაობა, არ არის ერთიანი პოზიცია, სწორედ ამ ევრობიუროკრატიის ხარჯზე, როგორ კნინდება ევროკავშირის იმიჯი. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკული გზავნილი ევროკავშირის და ევრობიუროკრატიის მიმართ, რომ თუ ისინი ამ გზას არ გადაუხვევენ და არ ეცდებიან გამოსწორებას, ევროპას უქადის დაღუპვას“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, „ჩვენ ერთადერთი იმას ვახერხებთ, რომ კონფრონტაციაში ნაკლებად შევდივართ“.

„იძულებულები ვართ, რომ მათ ასეთ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ ვუპასუხოთ ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენ არ ვუყურებთ დღევანდელი ევრობიუროკრატებისთვალით ევროპას და ევროკავშირს. ჩვენ ვფლობთ ცოდნას, თუ რა არის ევროპა. ჩვენ თავად ვართ ევროპის ნაწილი, ევროპის საწყისი. საუკუნეების მანძილზე სურვილი ჩვენი ხალხის, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპის ნაწილი, ძალაშია. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ღირებულებებს, რომლებსაც, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოში საზოგადოება ძალიან სწორად ეკიდება და გრძნობს, რომ ეს ღირებულებები არის მთავარი და შემდეგ არის ეს ყველაფერი განსახორციელებელი. და ეს ღირებულებები თანხვედრაშია ნამდვილ ევროპულ ღირებულებებთან, რომლებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ირღვევა.

ჩვენ ნებისმიერ დროს ვართ მზად დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხზე. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. არც ჩვენი ისტორია გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ თავი დავხაროთ და შეურაცხყოფა ავიტანოთ. მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ, მე ვარ ქართველი და მე ვარ იმ მარადიული საქართველოს ნაწილი და იმ წინაპრების ნაწილი, რომლებმაც სისხლისა და დიდი ბრძოლის ფასად მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე. ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს ქვეყანა დაამციროს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.