თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე: როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნულ პირთა ჯგუფი. ამ პერსპექტივაზე ლაპარაკი, თუნდაც ბურჭულაძის მხრიდან, ჩვენ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი ირიბი აღიარებაც კი
როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნული პირთა ჯგუფი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ თემაზე საუბარი პაატა ბურჭულაძის მხრიდან, შესაძლოა ირიბ აღიარებადაც აღიქვას საზოგადოებამ.
„ფაქტობრივად ამ პერსპექტივაზე ლაპარაკი, თუნდაც ბურჭულაძის მხრიდან ჩვენ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი ირიბი აღიარებაც კი, თუმცა ეს არ არის საკმარისი და იმისთვის, რომ სათანადო სამართლებრივ პროცედურებამდე მივიდეს საქმე. საჭიროა მკაფიო აღიარება იმის, რაც მთელმა საზოგადოებამ 4 ოქტომბერს იხილა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვა გაავრცელა. მან ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდა, რომ დათანხმდნენ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.