ირაკლი კუპრაძე – ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გახსნას პოლიტიკური პროცესი ოპოზიციისთვის, ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია იქნება აშშ-ის მხრიდან
ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გააუქმოს ეს კანონმდებლობა, გახსნას დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციისთვის, და ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია, რა ქმედებები იქნება მომავალში აშშ-ის მხრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძემ კომენტარი გააკეთა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, ხელისუფლებას მოუწევს ამ რეპრესიული ანტიქართული საქმიანობის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილს მოუწევს ამ რეპრესიული კანონმდებლობის, რეპრესიული ქმედების, ანტიქართული საქმიანობის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება. ეს პასუხისმგებლობა ივანიშვილისთვის არ იქნება ნამდვილად საჩუქარი და უკვე მერამდენედ ტრამპის ადმინისტრაცია აფრთხილებს ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას, რომ პასუხისმგებლობის გარეშე ამ დანაშაულებს ასე მშრალად ვერ გაივლიან. ამიტომაც ცხადია, რომ ეს გაფრთხილებები დიდხანს არ გაგრძელდება და ივანიშვილს მოუწევს თავისი ქცევის შეცვლა. ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, ეს უნდა იყოს პარტიების აკრძალვის დავიწყება და ყველა პროცესის პოლიტიკურ ჩარჩოში, კანონისმიერ ჩარჩოში დაბრუნება“, – განაცხადა კუპრაძემ.