Euronews: აშშ ირანში მყოფ მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს - ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში ვითარების სწრაფ ესკალაციას არ გამორიცხავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში მყოფი მოქალაქეებიც გააფრთხილა, რომ რეგიონში უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ. გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანა, იემენელმა „ჰუსიტებმა“ კი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის ფინანსურ რაიონში მდებარე შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.
ოთხშაბათს აშშ-ის ვირტუალურმა საელჩომ ირანში უსაფრთხოების შესახებ სპეციალური გაფრთხილება გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საომარი მოქმედებები შესაძლოა, სწრაფად გამწვავდეს.
ვაშინგტონის შეფასებით, ირანმა, „ჰუსიტებმა“ და თეირანთან დაკავშირებულმა სხვა დაჯგუფებებმა შესაძლოა, რეგიონში აშშ-ის ინტერესებსა და მოქალაქეებზე, მათ შორის ამერიკულ კომპანიებსა და ინსტიტუტებზე თავდასხმები განახორციელონ.
„ირანში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება დაუშვებელია. აშშ-ის მოქალაქეებმა ირანი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ“, - ნათქვამია გაფრთხილებაში.
აშშ თავის მოქალაქეებს რეგიონში მოუწოდებს, თვალი ადევნონ ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მუშაობას და ფრენების შესაძლო გაუქმებისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვისთვის მზად იყვნენ.
გაფრთხილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანის სახმელეთო საზღვრების გადაკვეთის წესები და დანიშნულების ქვეყნებში შესვლის პირობები შესაძლოა, მოკლე დროში შეიცვალოს.
მოქალაქეებს ურჩიეს, თავი აარიდონ დემონსტრაციებს, ხალხმრავალ შეკრებებსა და პოლიციის გაძლიერებული ყოფნის ადგილებს, ასევე გამოიჩინონ სიფრთხილე აშშ-თან დაკავშირებულ ობიექტებთან ყოფნისას.
საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში ამერიკელებს ურჩიეს, მოერიდონ კარებს, ფანჯრებსა და ნამსხვრევებს, დატენილი ჰქონდეთ მობილური ტელეფონები და დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, დარეგისტრირდნენ უწყების საინფორმაციო სისტემაში, რათა უსაფრთხოების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღონ.



