შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე, მათ შორის – თურქეთის, კუბის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ვიეტნამის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები. სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.
ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით.