„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურად აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურად აცხადებს

რაოდენ ტექნიკურს არ უნდა არქმევდეს ესა თუ ის პირი ყრილობას, ამ ყრილობის შედეგი შემდგომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს და ის რომ გაფორმდეს, უნდა იყოს ლეგიტიმური და თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და საფრთხეების წინაშე აყენებს პარტიას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. 

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გუშინ მხოლოდ 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა მაშინ, როცა პარტიის პოლიტსაბჭო 130 ადამიანისგან შედგება. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა არ იყო უფლებამოსილი, დაედგინა პარტიის ყრილობის თარიღი და სხვა საკითხები.

„ჩემი ინიციატივით მე ამ დისკუსიაში არ შევიდოდი, მაგრამ ვინაიდან, ბევრ სიყალბეს ვაწყდები, იძულებული ვხდები, სხვა რაღაცებზე ვისაუბრო. მაგალითად, გარდა იმისა, რომ გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომას არ ვესწრებოდი და ჯერ კიდევ ყრილობის ჩატარებამდე, მე ვასრულებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას - არ იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარის არც ერთი მოადგილე, არ იმყოფებოდნენ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ლიდერები და მეტიც, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, არის ის, რომ ჩემი ინფორმაციით - ეს ცნობები, ბუნებრივია, მომივიდა იმ ადამიანებისგან, ვინც ესწრებოდა გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომას - გუშინდელ სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სხდომა საერთოდ არ იყო უფლებამოსილი, იმიტომ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო შედგება 130 ადამიანისგან. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს კვორუმი და უფლებამოსილი იყოს სხდომა გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის: ყრილობის თარიღის ჩანიშვნა, შესაბამისი დელეგატების განსაზღვრა და ყველა პროცედურის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ყრილობა ყველა წესის და კანონის დაცვით იყოს მოწვეული და ამას ძალიან დიდი შედეგები ახლავს თავს თან,“ - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომის ოქმს და ხელმოწერებს პარტიის გენერალური მდივნისგან, პეტრე ცისკარიშვილისგან მიიღებს და ამ დოკუმენტებში მანიპულაციას ადგილი არ ექნება.

„ძალიან ვწუხვარ, თუ პარტიის სხვა წევრებიც ამბობდნენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა დიდი ხნით ადრე ჩაინიშნა. მათ შეუძლიათ სთხოვონ ადამიანს, რომელიც სხდომის მდივნის ვალდებულებას ასრულებს, რომ ამოიღოს ის გზავნილები, როდის გაიგზავნა - ეს იყო, თუ სწორად მახსოვს, ორი დღით ადრე, როდესაც მე უკვე ქალაქიდან ვიყავი გასული, პარტიის გენერალურ მდივანთან წინასწარ შეთანხმებული თარიღების დროს. 

პარტიის გენერალურ მდივანს ვთხოვე, რომ გადმოეგზავნა ჩემთვის შესაბამისი დოკუმენტაცია, სხდომის ოქმი, ისევე როგორც ხელმოწერები. სამწუხაროდ, მე ეს დოკუმენტაცია ამ დრომდე არ მიმიღია - უარი მივიღე ჩემს ამ თხოვნაზე და ამ დრომდე ჯერ კიდევ ველოდები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არანაირ მანიპულაციას ადგილი არ ექნება,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.