დუნაის დაშრობის გამო უნგრეთში „პაქშის“ ატომური ელექტროსადგურის ბოლოსწინა ენერგობლოკი გააჩერეს. სადგურმა შესაძლოა მუშაობა სრულად შეწყვიტოს

დუნაის დაშრობის გამო უნგრეთში „პაქშის“ ატომური ელექტროსადგურის ბოლოსწინა ენერგობლოკი გააჩერეს. სადგურმა შესაძლოა მუშაობა სრულად შეწყვიტოს

უნგრეთში, მდინარე დუნაიში წყლის დონის შემცირების გამო, 2 აგვისტოს ღამეს „პაქშის“ ატომური ელექტროსადგურის ბოლოსწინა მომუშავე ენერგობლოკი გააჩერეს.

მოსალოდნელი გაჩერების შესახებ 1 აგვისტოს საკუთარ Facebook-გვერდზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა:

„ამის შემდეგ ელექტროსადგური მხოლოდ 240 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო ხვალ, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, სრულად გაჩერდება“, - დაწერა მან.

ამასთანავე, აეს-ის პრესსამსახურში 1 აგვისტოს დააზუსტეს, რომ 2 აგვისტოს, ღამის 01:30 საათზე, მე-4 ენერგობლოკის ბოლო მომუშავე ტურბოგენერატორი გაჩერდებოდა. ამის შემდეგ მუშაობას გააგრძელებდა მე-2 ენერგობლოკი, რომელიც სიმძლავრის 50%-ით იმუშავებს. ის გაჩერდება „წყლის დონის შემდგომი შემცირების შემთხვევაში“ და სადგურზე ელექტროენერგიის წარმოება სრულად მხოლოდ მაშინ შეწყდება.

„ელექტროსადგურის დირექციამ მოსახლეობას მიმართა თხოვნით, „უახლოეს პერიოდში ეცადონ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას, განსაკუთრებით საღამოს პიკური მოთხოვნის დროს - 17:00-დან 22:00 საათამდე“.

30 ივლისს „პაქშის“ დირექცია აფრთხილებდა, რომ წყლის დაბალი დონის გამო სადგურის სრული გაჩერება შესაძლოა გარდაუვალი გამხდარიყო უახლოესი 24-72 საათის განმავლობაში, თუმცა ზუსტ პროგნოზებს არ იძლეოდა. იმ მომენტისთვის დუნაის წყლის დონე 2018 წლის წინა რეკორდულ მაჩვენებელზე 28 სანტიმეტრით დაბალი იყო.

„სადგური სრულად მზადაა სრული გაჩერების პირობებში მუშაობისთვის. ექსტრემალურად დაბალი დონე რამდენიმე კვირის განმავლობაშიც რომ შენარჩუნდეს, ენერგობლოკები უსაფრთხო მდგომარეობაში იქნება შენარჩუნებული“, - განმარტეს სადგურზე.