ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სეუტაში უკანონოდ შესული ყველა მიგრანტი საბოლოოდ მაროკოში დაბრუნდება
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ გასულ კვირას ესპანეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესული მიგრანტების უმრავლესობამ ანკლავი უკვე დატოვა.
„ტერიტორიაზე შესულთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დაბრუნდა მაროკოში. საბოლოოდ ყველა დაბრუნდება“, – აღნიშნა ალბარესმა.
ამასთან, ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა იტალიის პოზიცია, რომელმაც ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა.
„იყო ქვეყნები, რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლეს, მთავრობები, რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლეს. იტალიის მთავრობა ერთ-ერთი მათგანი იყო“, – განაცხადა ალბარესმა.
მისივე თქმით, სეუტასა და მელილიას არასდროს შეუქმნიათ საფრთხე შენგენის ზონის მთლიანობისთვის.
„სეუტა და მელილია არასდროს, არც ერთხელ არ ყოფილა შენგენის ზონის მთლიანობისთვის საფრთხე. თუმცა, მე მინახავს, როგორ მოქმედებს რეგიონებში არსებული სხვა საფრთხეები და საზღვრების გამჭვირვალობა შენგენის ზონაზე. ესპანეთი ყოველთვის სოლიდარობას იჩენდა“, – განაცხადა ალბარესმა.
ამასთან, ალბარესმა ევროპელებსა და ესპანეთის პოლიტიკურ ძალებს სეუტასა და მელილიასთან დაკავშირებით ერთიანობისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში ათიათასობით მიგრანტმა სცადა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეღწევა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა.