უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის შედეგსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს განსაზღვრავს
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის ენერგეტიკული სისტემების დაზიანებისთვის ბრძოლას აგრძელებენ და სწორედ ეს კამპანია განსაზღვრავს მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა POLITICO-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„პუტინს ჩვენი ენერგოსისტემის საბოლოოდ განადგურება, ეკონომიკისა და იარაღის წარმოების შეფერხება სურს. მას ასევე იმედი აქვს, რომ ზამთარში ჩვენი საზოგადოება გამოიფიტება და ხელისუფლებაზე კაპიტულაციის ხელმოწერის მიზნით ზეწოლას მოახდენს“, - განაცხადა შმიგალმა.
მისი თქმით, უკრაინა საპასუხოდ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შორი მოქმედების დრონებით დარტყმებს ახორციელებს, რის შედეგადაც, მისი შეფასებით, რუსეთის პირველადი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 40% მწყობრიდანაა გამოსული და ქვეყანაში საწვავის დეფიციტი იზრდება.
„ეს კრივის მე-12 რაუნდს ჰგავს. ორივე მოკრივე იმედოვნებს, რომ პირველი მოწინააღმდეგე დაეცემა“, - განაცხადა შმიგალმა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, კიევი იმედოვნებს, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები და დასავლელი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შემოდგომაზე ომის დასრულებას აიძულებს.
თუ ეს არ მოხდება, უკრაინას კიდევ ერთი ზამთრის გადატანა მოუწევს, რომლის დროსაც რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ გააგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. გასულ ზამთარს მსგავსი შეტევების შედეგად უკრაინის არაერთი ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე და ყინვაში დარჩა.
„რუსეთის მიზანი ახლა ჩვენი წყალმომარაგების სისტემების განადგურებაა. გასულ ზამთარს ისინი ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემებს უტევდნენ, თუმცა დენის გათიშვის დროს, თუ გაზი და წყალი გქონდა, გადარჩენა შესაძლებელი იყო“, - განაცხადა შმიგალმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ წყლისა და კანალიზაციის გარეშე სამ დღეზე მეტხანს გაძლება ძალიან რთულია.
მისი თქმით, ზამთრის გადასატანად უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის PAC-3 ტიპის რაკეტები სჭირდება, რათა რუსული ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეძლოს.