გურამ მაჭარაშვილი: ზალუჟნის განცხადება მორიგ ჯერზე არის მტკიცებულება იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ თავად უკრაინის ხელისუფლებაში, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ
"ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება" - აცხადებს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი. გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ეს მოსაზრება კიევში ელჩებთან შეხვედრის დროს გამოთქვა და აღნიშნა რომ ნატო-ს ძალიან კარგად იცნობს. მისივე თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ხელს ის უშლის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის. "12 წელი ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი, სულ მალე ნატო-ში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით" - განაცხადა გენერალმა.
ზალუჟნის განცხადებას საქართველოში ეხმაურებიან - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ვალერი ზალუჟნის განცხადება ადასტურებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა, ნატოში გაწევრიანება რეალური პერსპექტივა არ იყო. მისი თქმით, სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება შეფასებები, რომ უკრაინა გარე ძალების ინტერესების გამო აღმოჩნდა ომში.
"რისთვისაც დააწყებინეს ომი უკრაინას, ამას თავად ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობდა პირველივე თვეებში, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში სწორედ ნატოს წევრობის გამო, აი, იმაზე უთხრეს უარი უკვე უკრაინას. შე დალოცვილო, თუ იცოდი, რომ არ გაგაწევრიანებდნენ და ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, მაშინ რატომ ჩაჰყევი აი იმ უცხოურ ძალებს ამ ბრძოლაში, როდესაც პრაქტიკულად განადგურების პირას არის სამწუხაროდ ეს ქვეყანა, საზოგადოება, მისი ეკონომიკა, მისი მომავალი? რატომ? იმიტომ, რომ უნდოდათ, რომ როგორც დღეს უკრაინის ბედს წყვეტენ უკრაინის გარეშე, ასე უნდოდათ საქართველოს ბედიც გადაეწყვიტათ საქართველოს გარეშე.
ეს იყო და არის ჯერჯერობით სამწუხაროდ მიზანი და ეს ზალუჟნის განცხადება მორიგ ჯერზე არის მტკიცებულება იმის, რომ ძალიან კარგად იცოდნენ თავად უკრაინის ხელისუფლებაში, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ. ახლა თავად საუბრობენ, რომ აი იყო ტყუილი ის, რომ უკრაინას გააწევრიანებდნენ ნატოში და ამიტომ გამოიყენეს ეს, რომ შეჭრილიყო რუსეთი უკრაინაში", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.