პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 125 გრამამდე ,,ალფა-პვპ”, 150 გრამამდე ,,კოკაინი”, 111 აბი სახით და 119 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, საიდანაც ბრალდებულთა ნაწილმა ნარკოტიკული საშუალებები იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „“ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.