გიორგი ვოლსკი: "იმ პერიოდში დასავლეთს სჭირდებოდა გარკვეული გადატვირთვა რუსეთთან ურთიერთობაში. ჰქონდა შეკვეთა [მაშინდელ ხელისუფლებას] ურთიერთობის მოგვარების, დალაგების და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების"
უკვე მეორე დღეა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე - რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრის წერილის გამოქვეყნების შემდეგ პარტიის მხოლოდ რამდენიმე წევრმა აღიარა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ სააკაშვილის მთავრობის ლოიალურ დამოკიდებულებებს ხელი ევროპულმა ძალებმა შეუწყვეს. მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია ვალდებულია გარე დაკვეთით დავალებები სრულყოფილად შეასრულოს.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცელი წერილი და ანალიზი გუშინ გამოაქვეყნა.
ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას - რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხებოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ არავითარი დაპირისპირება სამართლებრივ სფეროში რუსეთთან არ მიმდინარეობდა.
"ფაქტი და მოცემულობა ერთია. არავითარი განგაში, არავითარი დაძაბულობა, არავითარი დაპირისპირება სამართლებრივ სფეროში რუსეთთან არ მიმდინარეობდა. პირიქით, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ის გაკეთებულიყო, რაც უკარნახეს. იმ პერიოდში არავის ენაღვლებოდა საქართველო და, რასაკვირველია, სააკაშვილიც ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს. იმ პერიოდში დასავლეთს სჭირდებოდა გარკვეული გადატვირთვა რუსეთთან ურთიერთობაში. ჰქონდა შეკვეთა ურთიერთობის მოგვარების, დალაგების და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების. ასეთი იყო შეკვეთა.
დღეს სხვა შეკვეთაა. დღეს სხვა ვითარებაა. დღეს საქართველოსგან უნდათ გარკვეული მორჩილება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამ ომში, რომელიც მიმდინარეობს, სჭირდებათ საქართველოს ჩართულობაც. ეკონომიკური ომი იქნება ეს თუ სამხედრო დაპირისპირება იქნება და გარდა ამისა, შუა დერეფნის თემა გაცილებით უფრო აქტუალურია დღეს. აქედან გამომდინარე, დამკვეთის შემსრულებელს ჰქვია აგენტი, ჩვეულებრივად, და აგენტურული საქმიანობა გულისხმობს იმას, რასაც დღეს აკეთებენ ისინი," - აცხადებს ვოლსკი.