თინა ბოკუჩავა სააკაშვილის განცხადებაზე: მოულოდნელი იყო და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ბოკუჩავასთვის აღნიშნული პოსტი მოულოდნელი იყო და მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა „ნაციონალური მოძრაობა“ იქამდე, სადაც ახლა არიან.
„ჩემი ორ წლიანი ვადა, რომლითაც პარტიულმა ყრილობამ ამირჩია 2024 წლის 8 ივლისს, დაახლოებით ერთ თვეში იწურება. მე მას [სააკაშვილს] მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, სწორი მიდგომით და სწორი ხედვით გაგვეტარებინა რეფორმები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის გაძლიერების მიზნით. სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე, გზად წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ.“- განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა პარტიაში „რადიკალური ცვლილებები“ დააანონსა და აღნიშნა, რომ გუნდს ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.



